უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით მთავრობა ერგნეთის ბაზრობის ალტერნატიულ ვარიატნზე მუშაობს. „ნიუპოსტთან“ საუბარში ქუცნაშვილი ამბობს, რომ ის ოკუპირებულ რეგიონებთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას მიესალმება.
„მივესალმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის და ჩვენი სტუმრებისთვის თავისუფალ ვაჭრობას. მე ვთვლი, რომ თავისუფალ ვაჭრობას და ურთიერთობებს ხელი უნდა შეუწყოთ მოქალაქეებს შორის, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. მე ყოველთვის ვარ ურთიერთობების და ურთიერთსარგებლიანი დამოკიდებულების მომხრე და ცუდს ვერაფერს ვხედავ ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებაში. აღნიშნულ საკითხზე არაფერი ვიცი, რადგან ამ საკითხზე პარლამენტი ვერ იმუშავებს. ეს არის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა. თუ საუბარია იმაზე, რომ ერგნეთის ბაზრობის გახსნით შეიძლება გაიზარდოს უკანონო საქონლის შემოსვლის ალბათობა, ესე თბილისშიც მალავენ გადასახადებს და თელავშიც, მაგრამ ამის გამო ვაჭრობა აქ არ აუკრძალავთ. ასე, რომ სხვადასხვა შიშებით არ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი ვაჭრობა შეუზღუდოთ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
გუშინ, პრაღაში მიმდინარე კონსულტაციების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ სავაჭრო ურთიერთობები აქტუალური ოკუპირებულ ტერიტორიებთანაც გახდება. მთავრობა ე.წ. ერგნეთის ბაზრობის ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობს. თუმცა სავაჭრო ცენტრის გახსნა არა მხოლოდ ქვემო ქართლში, არამედ ზუგდიდშიც არის დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებთან თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას აპირებს.
ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ინფორმაციით, კი ასეთი ზონის პირველი პრეცედენტი მალე ზუგდიდში იქნება.
„ჩვენ აფხაზ ძმებს შესაძლებლობა ექნებათ გადმოვიდნენ ქალაქ ზუგდიდში და ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტების სუპერმარკეტებით“, - განაცხადა კახი კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






