ბათუმში მშობიარე ქალბატონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნლისტებთან კომენტარი გააკეთა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძემ.
მისი თქმით, მშობიარის გარდაცვალების მიზეზებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს და თუ გამოიკვეთება ექიმის ბრალეულობა, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
გორგილაძე აღნიშნავს, რომ გარდცვლილი პაციენტის ისტორიაში, უფრო ადრე დაფიქსირებულია მკვდარშობადობის ორი შემთხვევა. მისი განმარტებით, ექიმებს აქვთ ვარაუდი, რომ ნაყოფი ორი დღით ადრე იყო გარდაცვლილი.
"ძალიან სამწუხარო ფაქტია. მშობიარე გუშინ საღამოს შევიდა საავადმყოფოში. მას დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა, წარსულშიც მკვდრადშობადობის ორი შემთხვევით. როგორც ექიმები ვარაუდობენ, ნაყოფი ორი დღით ადრე იყო გარდაცვლილი. ჩატარდა მშობიარობა, შემდეგ კი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დასკვნის შემდეგ იქნება გარკვეული კონკრეტული მიზეზები. თუ გამოიკვეთა ექიმის უყურადღებობა ან რაიმე გადაცდომა, რა თქმა უნდა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.
ბათუმში 27 წლის ფეხმძიმე ქალბატონი გარდაიცვალა. მომხდარში პაციენტის ოჯახის წევრები რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ ნაყოფის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი საკეისრო კვეთას ითხოვდა, თუმცა ექიმებმა პაციენტი მაინც ფიზიოლოგიურად ამშობიარეს. ოჯახის წევრები ამტიკცებენ, რომ 27 წლის გოგონას შორენა დევაძის გარდაცვალება სწორედ ექიმების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
გარდაცვლილის ოჯახი მთელი ღამის განმავლობაში ექიმებთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებიდან მათთან არავინ გამოსულა.
მასალის გამოყენების პირობები






