კოალიცია „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი დავით ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გიგი უგულავას დაკავების თემას ეხმაურება.
"საერთოდ არ ვაპირებდი უგულავას თემაზე არაფრის თქმას და თავად მისი დაკავების ფაქტზე კომენტარს გავაკეთებ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა აღვნიშნო. რატომღაც უგულავას დამცველები ძირითადად აპელირებენ მეგობრობაზე.
2005 წლის შემოდგომამდე ვიყავი საქართველოს პარლამენტში "ნაცმოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ასე თუ ისე, ვიცნობდი გუნდის ყველა ლიდერს, მათ შორის გიგი უგულავასაც, საკმაოდ კარგად.
ჰოდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, დღეს რომ გამოდიან და იძახიან, გიგი ჩემი მეგობარიაო, მაშინ საერთოდ არ იცნობდა მას. მერე რა ქნა ამ კაცმა ასეთი, რამდენ ვინმესთან მოასწრო დამეგობრება–დაძმაკაცება, ან როდის, აზრზე არა ვარ.
თუმცა, უფრო მგონია, რომ აქ სხვა ამბავია. კერძოდ, უგულავას კორუმპირებულობა იმდენად თვალშისაცემია (და არ დამიწყოს ახლა აქ ვინმემ, სახლში არ მიჰქონდა ფული, პარტიას ახმარდაო და ეგეთი სისულელეები. ჯერ ერთი რა მნიშვნელობა აქვს და მეორეც, თვითონაც არ იკლებდა კაი ცხოვრებას), იმდენად ბევრი ფაქტია ქალაქის მერიის საქმიანობაში კორუფციული გარიგებებისა, რომ გიგის, როგორც პოლიტიკური ფიგურის დაცვა უტყდებათ. ამიტომაც აწვებიან მეგობრობას და გაგებას...",- წერს დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 18:00 საათზე დაიწყო.
უგულავას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ყოფილ მერს კიევში გამგზავრების უფლება არ მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები






