ფორუმზე დეტალურად განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სასამართლო სისტემის მიმართულებები. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობას, ხელშეკრულების უპირატესობებსა და გამოწვევებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ საკუთარ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ოთარ დანელიამ დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
,,საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთო ევროპულ ოჯახთან დასაახლოებლად. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ამ შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება(DCFTA) ქართველ მწარმოებლებს საშუალებას მისცემს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. ეს ეტაპობრივი პროცესია და ამისათვის, სხვადასხვა მიმართულებით ბევრი მუშაობა დაგვჭირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო არაერთი პროექტის განხორციელება, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მოხდეს სისტემური ცვლილებები, განვითარდეს სოფლის მეურნეობა და დაინერგოს საერთაშორისო სტანდარტები. ჩვენ გავაძლიერეთ სურსათის ეროვნული სააგენტო და უკვე მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილება სურსათის ეროვნულ კოდექსში. ჩვენ გავწევთ მნიშვნელოვან სამუშაოს იმისთვის, რომ ქართველმა მწარმოებლებმა ევროპული სტანდარტი დააკმაყოფილონ და ქართულმა პროდუქციამ ევროპის ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ეკონომიკური დარგის ექსპერტები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სამართლის სპეციალისტები.
მასალის გამოყენების პირობები






