საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპის სახალხო პარტიის მიერ გიგი უგულავასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ მიაჩნია ვინმეს პოლიტიკურ დევნად „ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული საქმეების“ განხილვა.
მისი თქმით, მორატორიუმის გამოცხადება არ ნიშნავს, რომ რაღაც თუ მოხდება, სამართალდამცავებმა რეაგირება არ უნდა მოახდინონ და აბსოლუტურად ყველაფერი დაუშვებელია.
“როდესაც საუბარია, რომ არსებობს ეჭვი ძალიან სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზე, სახელდება კონკრეტული ციფრები, კონკრეტული ქმედებები, რომლის განხორციელებაშიც ერთი კონკრეტული ადამიანია ეჭვმიტანილი, რა შუაშია აქ პოლიტიკური დევნა?! პოლიტიკური დევნაა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი დაკითხვაზე წაიყვანეს და პატიმრობაში დატოვეს იმ პერიოდით, რა პერიოდითაც სჭირდებოდათ? იქაც როგორც ჩანს, არსებობს მყარი არგუმენტები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცავები აბსოლუტურად ყველა წესისა და კანონის დაცვით მოქმედებენ და ძალიან სამწუხაროა, რომ მათ აბსოლუტურ მიუკერძოებლობაში ვინმეს ეჭვი ეპარება. დარწმუნებული ვარ, ბოლო სკეპტიკოსებიც დარწმუნდებიან იმაში, რომ კონკრეტული დანაშაულის გამოძიება სამართალდამცავების საქმეა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და რომ პოლიტიკური დევნა აბსოლუტურად უადგილო შეფასებაა”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე–პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებას გუშინ ეხმაურება. სარიუშ-ვოლსკი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოასწორონ შერჩევითი სამართლის აქტები.
მასალის გამოყენების პირობები






