დღეს დავტოვეთ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა. კარგად რომ წარმოიდგინოთ, როგორ იქცა ეს კომისია პროკურატურის "გამპრავებელ" ორგანოდ, მოგიყვებით, რა გვიპასუხა პროკურატურამ, ქალბატონი წულუკიანის დასტურით, ძალადობის ერთ ფაქტზე.
წინასაარჩევნოდ პრემიერ ღარიბაშვილის მშობლიურ დედოფლისწყაროს რაიონში ჩასულ დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე, ჩვენს სხვა მხარდამჭერებთან ერთად, იმყოფებოდა 71 წლის დომენტი ყოჩიაშვილი სოფელ მირზაანიდან. სახლში დაბრუნებულ ყოჩიაშვილს მიუვარდა სოფლის გამგებელი აკაკი თარაშვილი და მისი ვაჟი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პროკურატურამ საქმე 125-ე მუხლით (ცემა) აღძრა, თუმცა მალევე შეწყვიტა. მინისტრმა წულუკიანმა კი ერთ-ერთ სხდომაზე გამოაცხადა, რომ 80-დან 76 საქმეზე ფაქტები არ დადასტურდა და ან შეწყდა საქმე, ან არც კი აღძრულა.
დღეს პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა ასე ახსნა ამ კონკრეტულ საქმეზე გამოძიების შეწყვეტის მიზეზი:
დომენტი ყოჩიაშვილს გულ-მკრედის არეში მუშტი კი დაარტყეს, მაგრამ ბატონმა დომენტიმ განგვიცხადა, ტკივილი არ მიგვრძვნიაო; კოდექსი კი ამბობს, - განაგრძო მეზვრიშვილმა, - თუ დაზარალებულმა თქვა, რომ არ მტკენია, ეს ცემად ვერ ჩაითვლებაო.
ასე მიმდინარეობდა განხილვები უწყებათაშორის კომისიაზე და ეს იმ 76 არდაწყებული თუ შეწყვეტილი საქმის კლასიკური მაგალითია.
იმედია, მინისტრი წულუკიანი, რომელმაც უკვე დაარღვია კანონი და 10 დღის ვადაში არ გადმოგვცა კომისიის ერთი თვის წინ მოთხოვნილი აუდიოჩანაწერები, საბოლოდ მათ მაინც გადმოგვცემს. დამერწმუნეთ, მათში მსგავსი დისკუსიები ულევადაა.
მასალის გამოყენების პირობები






