თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებას „ფეისბუქზე“ ეხმაურება. მისი თქმით, შოთაძეს საზოგადოების სიცრუეში შეყვანა სურს და განმარტავს, რომ მას საზღვარგარეთ გასამგზავრებლად პროკურატურის ნებართვა არ სჭირდებოდა.
„პროკურატურა იტყუება. არანაირი ნებართვა ქვეყნის დატოვებაზე მე, როგორც ბრალდბულს არ მჭირდება, რადგან ამას სასამართლო აწესებს და არა გამოძიება. სამარცხვინოა, რომ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ეს არ იცის, ან შეგნებულად ატყუებს საზოგადოებას. რაც მთავარია, შოთაძის აღიარებით მე გუშინ მხოლოდ იმ მოტივით წამიყენეს, რომ "თითქოს ოპერატიული მონაცემების მიხედვით მივდიოდი და არ ვბრუნდებოდი და რომ ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფებოდა". დავუშვათ და ასეა, მე რომ არ გადამეწყვიტა ევროსაბჭოს კონგრესის სხდომაზე წასვლა ბრალს არ წამიყენებდნენ?!. იაფასიან და გაუნათლებელ მატყუარათა თავყრილობად ჩამოყალიბდა პროკურატურა.
P.s. რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში 19-ჯერ მაქვს გადაკვეთილი საზღვარი ( მათ შორის მეუღლესთან ერთად). როგორც სჩანს ივანიშვილი-ღარიბაშვილი საკუთარი გადმოსახედიდან უყურებენ სხვებს. მაგ ბედნიერებას არასდროს მოგანიჭებთ. წავიდე და აქ გაძახებინოთ გაიქცაო! აქ ვარ, ვდგევარ და მიდით თუ თავი გაქვთ წამაქციეთ“, - წერს უგულავა.
პროკურატურა სასამართლოს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებით თხოვნით დღეს მიმართავს. ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა. თუმცა შოთაძეს არ დაუკონკრეტებია თუ რა იქნება გირაოს რაოდენობა. მისი განცხადებით, ძიებას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უგულავას საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და ამიტომ მოხდა მისთვის ბრალის წაყენება.
მასალის გამოყენების პირობები






