თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების საკითხს ეხმიანება. „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას შიხიაშვილი აღნიშნავს, რომ მათ პრემიები გამოიმუშავეს და სწორედ ამიტომ მიიღეს:
„ჯერ ერთი პრემიის სახით 12 ათასი ლარი არ ამიღია, როგორც ინფორმაცია გავრცელდა. ჩამერიცხა 8 500 ლარი. მაგრამ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას შეცდომად არ ვთვლი, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ თანხით კეთილი საქმის გაკეთება გვინდოდა - მე პრემია „ბერი ანდრიას“ ფონდში გადავრიცხე. საკრებულომ ბოლო თვე კატორღულად იშრომა და ყველამ დამსახურებულად მიიღო პრემია.
ძალიან ცუდია, რომ 150 ლარია პენსია, მაგრამ ასევე ცუდი იქნება, თუ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფს არ ექნება შესაბამისი ანაზღაურება. ნორმალური შემოსავალი აუცილებელია, რომ კორუფციის ჭაობში არ გადაეშვას ქვეყანა.
მოვლენებს ნუ ამახინჯებთ და არასწორ ინტერპრეტაციას ნუ ახდენთ. კი არ გამოვიწერეთ, გამოვიმუშავეთ. რატომ ცდილობთ გაანაწყენოთ ის, ვინც დამსახურებული სარგო აიღო? რატომ არავის აინტერესებს, რა ხდება მერიაში, საკრებულოს რომ ესხმიან გამუდმებით თავს?
რატომ ვერ ხედავთ ჩემს გულწრფელობას?! როგორ შეიძლება ყველაფერს ეჭვის თვალით შეხედოთ?! არაფრის მრცხვენია, იმიტომ რომ მართალი ვარ“, - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






