,,ნიუპოსტი“ აღნიშნულ საკითხზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.
_ეს თემა პრინციპში აქტუალური იყო ყოველთვის. მე მახსოვს, როცა ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, შევარდნაძის დროს, მთავრობის თხოვნით, ჯორბენაძე იყო სახელმწიფო მინისტრი, ერთ-ერთ კვლევაში იყო ეს შეკითხვა ჩადებული, შევარდნაძის მთავრობას ყოველთვის აინტერესებდა თუ როგორი რეაქცია იქნებოდა საზოგადოების მხრიდან რკინიგზის შესაძლო გახსნაზე. ამაზე ფიქრობდა შევარდნაძე როგორც პრეზიდენტი და მისი მთავრობა. საინტერესო არის ის რომ ყოველ ჯერზე უფრო მეტი მხარს უჭერდა მის გახსნას ვიდრე ეწინააღმდეგებოდა. ყველამ იცის, რომ სადაც რკინიგზა გადის, იქ არის ვაჭრობა და არის ეკონომიკურად სარგებლიანი. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ხდებოდა იმის გამო, რომ საზოგადოება არ იყო ბოლომდე ინფორმირებული თუ რასთან არის დაკავშირებული რკინიგზის გახსნა.
_რატომ არ გადაწყვიტა შევარდნაძის მთავრობამ მისი გახსნა?
_ძალიან აღფრთოვანებული იყვნენ შევარდნაძის მთავრობის წევრები, როცა ამ კვლევის პრეზენტაცია გაკეთდა. ჩემი აზრით, შევარდნაძეს დრო არ ეყო. მაშინ ეკონომიკური კრახი იყო საქართველოში და შევარდნაძისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი გახსნა. მაგრამ შემდეგ როცა ხელისუფლება შეიცვალა, რომელსაც ესმოდა, რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, პროცესები არ განვითარდა რკინიგზის გახსნის სასარგებლოდ. დღესაც როცა წამოიწია ამ თემამ და მიება სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს და როცა რუსეთმა კვლავ აქტიურად დაიწყო საუბარი, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბუნდოვანი მესიჯები დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ მთავრობა აცხადებს, რომ ეს არის ჩვენი მთავარი კოზირი რუსეთთან ურთიერთობაში და საუბარი მიდის არა იმაზე თუ რატომ არ უნდა გაიხსნას ეს რკინიგზა, არამედ საუბარია იმაზე თუ რას შემოგვთავაზებს კონკრეტულად რუსეთი და რამდენად სარფიანად შევძლებთ ამ თემის გაყიდვას.
ბუნებრივია და გასაგები, რომ რუსეთი და სომხეთი არიან ძალიან დაინტერესებული მისი გახსნით. ძალიან მარიტვია სომხეთის ინტერესი - ის არის რეალურად სატრანსპორტო ბლოკადაში ყარაბაღიდან გამომდინარე ზრებაიჯანთან დაძაბული ურთიერთობების გამო და მისთვის ეს მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ეკონომიკური არტერიაა, რომელიც დაეხმარება სომხეთს განვითარებაში. რაც შეეხება რუსეთს ამ რკინიგზის გახსნა აინტერესებს ორი მიზეზის გამო, პირველი ეს არის სატრანსპორტო კავშირი გიუმრის ბაზასთან, მისი მომარაგება, ერთადერთი გზა რომელიც გიუმრის აკავშირებს რუსეთთან არის თვითმფრინავი და არის ძალიან ძვირი და ამავდროულად არაეფექტური. რასაც რკინიგზით გააგზავნი, ბუნებრივია იმას ვერ გააგზავნი თვთმფრინავით, და მეორე, ეს არის პოტენციური გასვლა აღნიშნული კრინიგზის მეშვეობით ირანზე, თურქეთზე და ა.შ. ანუ შეერთება აზიასთან ამ სატრანსპორტო არტერიით. გასაგებია ამ ორი ქვეყნის ინტერესი.
_რა არის მაშინ ჩვენი ინტერესი და რაზე არ საუბრობს საქართველოს ხელისუფლება, როგორც თქვენ აღნიშნეთ?
_საზოგადოებას უნდა შევახსენოთ თუ რატომ არ გაიხსნა აქამდე ეს რკინიგზა და რა უშლის ხელს? გახსნას ხელს უშლის არა რუსეთის სარფიანი წინადადება, რომელიც ბევრი იყო მანამდეც, არამედ ხელს უშლის კონკრეტული პრობლემები როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური კუთხით. პირველი, რაზეც არ საუბრობს ჩვენი სამთავრობო ისტებლიშმენტი: აფხაზეთში არსებული საქართველოს რკინიგზა დღეს არის რუსეთის რკინიგზის კუთვნილებაში, ანუ აფხაზეთის თვითმარქვია მთავრობამ გადასცა რუსეთს მართვაში ეს მონაკვეთი და იქ ახლა ოპერირებას ახდენს რუსეთის ,,ერ-ჟე-დე“ - ანუ რუსეთის რკინიგზა, რომელიც არის სახელმწიფო კომპანია. ვთქვთ, გაგიჟდა ჩენი მთავრობა და გადაწყვიტა, რომ მოდი გავხსნათ რკინიგზა, ამის შემდეგ ვინმეს აქვს წარმოდგენილი, თუ როგორ შეიძლება საქართველოს ტერიტორიის ერთ მონაკვეთს ოპერირებას უწევდეს რუსეთის რკინიგზა? ეს ხომ შეუძლებელია...
_თუკი ეს მოხდა და მთავრობამ მიიღო ეს გადაწვეტილება, გამოდის რომ რუსეთის მართვაში მოექცევა ოკუპირებული აფხაზეთის მნიშვნელოვანი მაგისტრალი?
_თუკი ასე მოხდა გამოდის რომ ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთის პირდაპირ მიერთებას რუსეთთან.
_გარდა ამისა, ვინ იქნება მებაჟე...?
_აი, ეს არის მეორე საკითი. ჩვენ და მთელი მსოფლიო ვაღარებთ ჩვენს სახელმწიფო საზღვარს ფსოუზე. თუ იქ ჩვენი საბაჟო არ დადგა და ჩვენ გავაკონტროლეთ ეს მონაკვეთი, ბუნებრივია აქაც ხელს ვაწერთ იმაზე, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი ქვეყანა ან მიერთებული რუსეთის ფედერაციას. ორივე საკითხი არის მნიშვნელოვანი საეთაშორისო სამართლის საკითხი, რომელიც როგორი სარფიანი წინადადებაც არ უნდა იყოს რუსეთს მხრიდან, მარტო ეს ორი საკითხი ბლოკავს ნებისმიერ საუბარს. მე მოვისმინე, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი საუბრობდა, მოდი ვნახოთ რას შემოგვთავაზებს რუსეთი. ასეთი საუბარი არის ანტისახელმწიფოებრივი. თუ რუსეთი მზად არის, რომ გამოიყვანოს თავისი ჯარები აფხაზეთის ტეროტორიიდან და ჩვენი მესაზღვრეები დადგნენ ფსოუზე, მაშინ ამაზე საუბარი შესაძლებელია.
_მაგრამ ეს როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რუსეთმა ჯარი გამოიყვანოს აფხაზეთიდან?
_მაშინ ნუ ვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას და ნუ ვეუბნებით, რომ ეს არის მოლაპარაკების საგანი და ნუ ვეუბნებით, რომ დავთვალოთ რამდენად იქნება ეკონომიკურად მნიშვნელოვანი.
_ეკონომიკური ფაქტორი რომ გვერდით გადავდოთ, უსაფრთხოების თვალსაზრისით რამდენად ვართ დაცული?
_უსაფრთხოებით კომპონენტზე მე შეგნებულად არ ვსაუბრობ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, დგას საკითხი, რომ რუსეთმა უნდა აკონტროლოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი. ეს არც უნდა დავუშვათ, ასეთი თეორიის დაშვებაც კი შეუძლებელია. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, გამოიყენოს მთავრობამ სიტუაცია, როცა საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია და აქცენტი გადაიტანოს ეკონომიკურ ასპექტზე, რომ ეს არის კოზირი ჩვენს ხელში და რამდენად კარგად გავყიდით ამ კოზირს. ერთადერთი მესიჯი, რაც ჟღერს არის ის, რომ არ გავანაწყენოთ აზერბაიჯანი. ბუნებრივია, რომ აზერბაიჯანისთვის ეს მტკივნეული თემა იქნება. აზერბაიჯანს კარგად ესმის, რომ რუსეთის გიუმრის ბაზის გაძლიერებისთვის უნდა რკინიგზა და მათთვის გიუმრის ბაზა, ისევე როგორც ჩვენთის არის მუდმივი საშიშროების წყარო. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ეს არის შემდგომი პრობლემების თემა. პირველი არის ის, რომ რუსული სახელწმიფო კომპანია აკონტროლებს ამ მონაკვეთს და მეორე - ჩვენი საბაჟო. მთავრობის როლი სახელმწიფოში არის ის, რომ აუხნას თავის მოქალაქეებს თუ რა პრობლემებთან არის დაკავშირებული. 4,5 მილიონი ადამიანი ვერ იქნება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში და საერთაშორისო სამართალში.
როგორც კი ჩვენ თვალს დავხუჭავთ იმაზე რომ ,,ერ-ჟე-დე“ ოპერირებს იმ მონაკვეთს და დავხუჭავთ თვალს, რომ ჩვენი მესაზღვრე არ იდგება ფსოუზე, ამით ჩვენ ჩავიდენთ მავნებლობას აფხაზეთის აღიარების კუთხით.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჩვენი მეზობელია და დიდ პატივს ვცემთ, სომხეთის განვითარებას არ უნდა შეეწიროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. როცა საკითხს ვსვამთ, რომ აფხაზეთი არის ანექსირებული თუ ოკუპირებული, ორივეა, როცა რუსეთის სახელმწიფო კომპანია ფლობს ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს, ეს უკვე ანექციაა. ის არა მხოლოდ ოკუპაციას უკეთებს, არამედ ითვისებს და ახდენს ანექსიას.
მასალის გამოყენების პირობები






