პრაღაში, საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საელჩოების ორგანიზებითა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური მიღება გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზეიმო მიღება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პრაღაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მასმედიისა და ჩეხეთის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები. მიღებას წინ უსწრებდა ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა გახსნა.
მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერა არ წარმოადგენს ამ ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის საბოლოო მიზანს და გაგრძელდება აქტიური მუშაობა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის.
მინისტრმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ისტორიული თარიღი მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა მათ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება მნიშვნელოვან სირთულეებთან, მათ შორის, პოლიტიკური ხასიათის რისკებთან იქნება დაკავშირებული. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ განხორციელების პროცესი არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული აღნიშნული სახელმწიფოების მიერ თავისი იდენტურობის, ტრადიციებისა თუ კულტურული უნიკალურობის დაკარგვასთან.
ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე, მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შტეფან გორდა და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბორის ზაიჩიკი.
პრესკონფერენციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ჩეხეთის პრესის წარმომადგენლები დაინტერესდნენ რუსეთის მიმართ სანქციების მორიგი პაკეტის მიღების შემთხვევაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პოზიციით, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესაძლო ზეგავლენით საქართველო-მოლდოვა-უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობებზე.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ლუბომირ ზაორალეკმა განაცხადა, რომ ეს არის გამოწვევა საქართველოსთვის, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ რომ საქართველომ მთელ რიგ სფეროებში უნდა გაატაროს ეფექტური რეფორმები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუციების მნიშვნელობის თვალსაზრისით, აგრეთვე ეკონომიკურ სფეროში.
"თუ ეს უზარმაზარი სამუშაო წარმატებულად იქნება შესრულებული თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად მიუახლოვდება ევროკავშირს. მე ვფიქრობ, რომ ეს ამავდროულად საქართველოს მიმზიდველობას გაცილებით გაზრდის, მაგალითად, უცხოელ ინვესტორებს. მე გახლდით ცოტა ხნის წინ საქართველოში და ვიცი, რომ მას ძალზე სჭირდება ინვესტორები. საქართველოს მიერ ნაწარმოები პროდუქცია მთელი რიგი ქვეყნებისთვის იქნება მიმზიდველი. ჩეხეთი მზადაა დაეხმაროს ამაში თქვენს ქვეყანას. ვფიქრობ, რომ საქართველო ძალზე პერსპექტიული ქვეყანაა და ჩვენ გაგვაჩნია გამოცდილება. თუ ეს პროცესი იქნება წარმატებული საქართველო მხოლოდ მოგებაში დარჩება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გააჩნიათ დიდი მომავალი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ", -განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






