საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იმ უპირატესობებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გაფორმების შემდეგ ეკონომიკის კუთხით ექნება. როგორც გადაცემა „რეაქციაში“ ვაშაძემ განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ხვალიდან საქართველოში არსებული კომპანიები იმოქმედებენ იმ სავაჭრო და საბაჟო რეჟიმში, რომელშიც ევროპის კომპანიები მოქმედებენ. მისივე განმარტებით, ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს მოკლევადიან პერსპექტივაში 3%-დან 4,5%-მდე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას მოუტანს.
„რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, არც მისი გაზვიადება და არც მისი დაკნინება საჭირო არ არის. ეს არის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი აქტი. საქართველომ აიღო ბილეთი იმ მატარებელზე, რომელიც იმ პუნქტისკენ მიდის, რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობთ. ეხლა ყველაფერი ჩვენზე და მემანქანეზეა დამოკიდებული. ამ ხელშეკრულებით ძალიან სწრაფად ქართველი ექსპორტიორი ევროპაში ექსპორტისას დაზოგავს დაახლოებით 85 მილიონ ევროს. ევროპელი ექსპორტიორები საქართველოში დაზოგავენ დაახლოებით 10 მილიონ ევროს. მოკლევადიან პერსპექტივაში ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მისცემს 3%-დან 4,5%-მდე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. ჩვენი ვაჭრობა გაიზრდება 12%-ით საქართველოს მხრიდან, 7%-ით - ევროპის კავშირის მხრიდან. ამას მოჰყვება სამუშაო ადგილები და მრეწველობის დატვირთვა. ხვალიდან საქართველოში არსებული კომპანიები იმოქმედებენ იმ სავაჭრო და საბაჟო რეჟიმში, რომელშიც ევროპის კომპანიები მოქმედებენ. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების ზრდას“, - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






