"დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.
"დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ! ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს! დღევანდელი დღე - 27 ივნისი უმნიშვნელოვანესი დღეა ჩემი სამშობლოსთვის. ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომლებითაც ისინი ამაყობენ. დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს. სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი, სინამდვილედ ექცია ჩვენი წინაპრების ოცნება. ძნელია სიტყვით გამოხატო ის გრძნობა, რომელსაც ახლა მე განვიცდი, როგორც ერთი ქართველი. დარწმუნებული ვარ, ახლა ჩემს სამშობლოში ყველას ეს ემოცია აქვს. დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს -ევროპას, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს - სივრცეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასწლეულების განმავლობაში ხელოვნურად იყო მოწყვეტილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






