საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2008 წლის კონფლიქტი ბოლომდე გაანალიზებული არ იყო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
"უზარმაზარი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით წლის დასაწყისში უკრაინაში. ჩვენ უნდა გავიზიაროთ პასუხისმგებლობის საკუთარი წილი იმასთან დაკავშირებით რაც უკრაინაში მოხდა. ფაქტიურად, 2008 წლის კონფლიქტი არ იყო ბოლომდე გაანალიზებული, გადაწყვეტილებები სწრაფად არ იყო მიღებული და ასევე მტკიცე გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული ყირიმის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნა 2008 წელს, არ შესრულდა ბოლომდე. საერთაშორისო საზოგადოებამ, ყველა ჩვენგანმა, ეს გადაწყვეტილებები ბოლომდე ვერ მივიყვანეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხების მოგვარება დავიწყებას არ უნდა მიეცეს.
"ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ უკრაინის პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს დასავლელი პარტნიორების ჩართულობით და, რა თქმა უნდა, უკრაინელი მეგობრების მონაწილეობით. ეს საკითხები უნდა მოგვარდეს, არ უნდა მიეცეს მივიწყებას და დღის წესრიგიდან არ უნდა იქნეს მოხსნილი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






