ცხინვალში აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ვიზიტის ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ ინფორმაციას "Русская Планета" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთმა არჩევანი საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებაზე გააკეთა. მათივე ინფორმაციით, ვლადისლავ სურკოვი ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხს მოუმზადებელ და მოსკოვთან შეუთანხმებლად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ 27 ივნისამდე დარჩენილ პერიოდში რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მაქსიმალურად დაახლოებას შეეცდება.
„27 ივნისს საქართველო ხელს აწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ამდენად ჩვენ – რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა უნდა ვიჩქაროთ ურთიერთთანამშრომლობისა და დაახლოების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ოპერატიულად უნდა შევიმუშავოთ ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში. ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება", - განაცხადა სურკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






