გამომდინარე იქიდან, რომ ინტერესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისადმი დიდია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საზოგადოებას პერმანენტულად მიაწვდის დეტალურ ინფრომაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
პრესკონფერენციაზე, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, შეადარეს ძველი და ახალი ხელისუფლების პირობებში შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ტემპები, კერძოდ:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულება 2012 წელს 655.075.1 ლარი იყო; 2013 წელს ეს მაჩვენებელი 133 მილიონი ლარით გაიზარდა და 798.595.1 ლარი შეადგინა;
2013 წელს სამშენებლო აქტივობა ჩქაროსნულ მაგისტრალზე 111 კმ იყო, მაშინ, როდესაც 2012 წელს ანალოგიური ტიპის სამუშაოები 34 კმ-ით ნაკლებ ნიშნულზე - 77 კმ-ზე დაფიქსირდა;
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 2012 წელს მოძრაობა მხოლოდ 1.5 კმ-ზე გაიხსნა; 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 15.4 კმ.-ია
2014 წელს ჩქაროსნულ მაგისტრალზე სამშენებლო აქტივობა 140 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება და სექტემბრის ბოლომდე მოძრაობა კიდევ 31 კმ-იან მონაკვეთზე გაიხსნება.
2013 წლის ბოლოდან დაიწყო მყარი ნარჩენების მართვის სრულიად უნიკალური პროექტები. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 6 პრიორიტეტული ნაგავსაყრელი - თელავში, გორში, მცხეთაში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში და ზუგდიდში;
2013 წელს მიმდინარეობდა 19 ქალაქის და 7 დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. 2014 წელს დამატებით დაიწყო 25 ქალაქისა და 3 დაბის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები.
2014 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 82 სოფელში, დაიწყო ახალი ამბულატორიების მშენებლობა. აქედან, 20 მათგანი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დამონტაჟდა. ახალი ამბულატორიები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. გარდა ამისა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, განხორციელდა ჭაბურღილების პროექტი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაუჭრის.
2014 წელიდან საქართველოში მკვიდრდება თვითმმართველობის ევროპული ტიპის სისტემა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული.
მინისტრის განმარტებით, წარმატებული სამუშოები ხორციელდება ყველა მიმართულებით, მათ შორის: დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებლის მოწყობის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის პრობლემების მოგვარების, წყალმომარაგების გაუმჯობესების, მყარი ნარჩენების მართვის კუთხით და ა.შ.
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტი ხარისხი და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკაა. ჩვენი მიდგომებით, პროექტების ეფექტური განხორციელების დასტურია ის, რომ დონორ ორგანიზაციებთან დავიწყეთ ახალ პროგრამებზე მუშაობა და უკვე ხელმოწერიალია 300 მლნ.-ზე მეტი დოლარის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, რაც რეალურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას და თითოეული ადამინის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადეს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






