ცნობილი თბილისელო მხატვრის ნამუშევრების კოლექცია შესაძლოა სომხეთში გასხვისდეს. გაიანე ხაჩატურიანის 127 ნამუშევარი, რომელიც შექმნილია თბილისში და ძირითადად ასახავს თბილისურ ისტორიებსა და პეიზაჟებს ერთი წლის განმავლობაში ინახებოდა ხელოვნების სასახლეში, რადგან სომხეთის მოქალაქე ემილია ბარსეღიანსა და ანდერძის მიხედვით მემკვიდრედ დასახელებულ ქეთევან ტომარაძეს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა.
ქართველი მემკვიდრე თანახმა იყო, რომ გაიანე ხაჩატურიანის ნამუშევრები სამუზეუმო ქონებად ქცეულიყო, თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიანე ხაჩატურიანის ნამუშევრები სომხეთის მოქალაქეს მიეკუთვნა.
აღნიშნული კოლექცია ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით უმნიშვნელოვანესია და ის რამდენიმე ათეულ ათას დოლარადაა შეფასებული. ქეთევან ტომარაძის ცნობით ემილია ბარსეღიანმა გასულ წელს ნამუშევრების ნაწილი უკვე გაიტანა სომხეთის რესპუბლიკაში, მათ შორის ერთ-ერთი, 60 ათას დოლარად შეფასებული უნიკალური ტილო სომხეთის ეროვნულ გალერეაში აღმოჩნდა. ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას განცხადებით არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის საცავშია დაცული მეზობელ სომხეთში აღმოჩნდეს.
მუზეუმის დირექტორი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე საჭიროა მოლაპარაკება გაიმართოს საქართველოს მთავარი პროკურატურის, ხელოვნებათმცოდნეების, მოდავე მხარეებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების თანდასწრებით.აღნიშნული მოლაპარაკების შედეგად საჭიროა განისაზღვროს გაიანე ხაჩატურიანის იმ ნამუშევრების ნუსხა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები






