ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ კომენტარი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესლიამ გააკეთა:
"განწყობები, შეფასებები, ვფიქრობ იქნება პოზიტიური. წინასწარი შეფასებებიდან, განცხადებებიდან და საუბრებში ასე ჩანს. რაც შეეხება ოპოზიციას, ის ცდილობს წარმოაჩინოს, რომ იყო ძალადობა ხელისუფლების მხრიდან, თუმცა არსებობს კონკრეტული რეაგირების შემთხვევები, როდესაც ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც დაფიქსირდა სხვადასხვა ოლქში, შსს-მ მოახდინა რეაგირება", - აღნიშნა ბესელიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მისი მიზანი იყო, რომ ევროსაბჭოს წევრებისთვის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა:
"ჩემი მიზანი იყო ის, რომ ბოლოს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები გამეცნო მათთვის, წარვუდგინე კონკრეტული ადამიანების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც დასისხლიანებული, თავგატეხილები მოთავსებულები არიან საავადმყოფოებში მარტო იმიტომ, რომ ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. ბუნებრივია, ეს არის შეუთავსებელი დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა არავინ ისჯება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი დაახლოებული არიან "ქართულ ოცნებასთან". ველოდები, რომ შესაბამის დოკუმენტში სრულად აისახება არა მარტო არჩევნებამდე პერიოდი, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდიც", - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.მასალის გამოყენების პირობები






