ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში „როიტერის“ სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონსენსუსი ნამდვილად არსებობს იმაზე, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაში დარჩეს.
"ალიანსის ყველა წევრი დარწმუნებულია, რომ ღია კარის პოლიტიკამ ევროპის სტაბილურობას შეუწყო ხელი, ამიტომ ღია კარის პოლიტიკა ძალაში უნდა დარჩეს. ამ თემაზე კონსენსუსი ნამდვილად არსებობს. წევრებს სურთ, რომ ასპირანტ ქვეყნებთან თანამშრომლობა ინდივიდუალურად, მათ მიერ მიღწეული პროგრესის მიხედვით განისაზღვროს და არა ერთიანად, როგორც ქვეყნების ჯგუფის. სხვა მიდგომაა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, სხვა მონტენეგროსთან და სხვა საქართველოსთან. ამიტომ წევრები მსჯელობენ, თუ რა შესთავაზონ და როგორ დააყენონ გზაზე, რომელიც მათ მიიყვანს ევროპამდეფ
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო-ს საქართველო დაუახლოვდა რეფორმებით, ეს სიმართლეა. ჩვენ პარტნიორებს თუ გადავხედავთ ყველაზე მეტად საქართველოსთან გვაქვს მჭიდრო კავშირები. ეს იმის გამოა, რაც საქართველომ გააკეთა და იმის გამოც, რომ ნატო-ს სურს საქართველოსთან ახლოს ყოფნა. კიდევ ერთი რამ აღნიშნა გენერალურმა მდივანმა – წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს კომისია წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკმარისი, რომ საქართველო მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის. წლიური ეროვნული პროგრამა ძალიან ჰგავს წევრობის სამოქმედო გეგმას – MAP-ს. მე კარგად მესმის MAP-ის, როგორც პოლიტიკური თვალსაჩინოების მოთხოვნა, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველებმა იცოდეს, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ის პაკეტი, რაზეც დასაწყისში გვქონდა საუბარი. ვფიქრობ, რომ კმაყოფილები დარჩებით; აისახება პროგრესიცფ
ჯერ ადრეა დასკვნებზე საუბარი, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. ჩვენ დავასრულეთ მუშაობა 4 ასპირანტი ქვეყნის შესახებ, 4 ანგარიშზე - საქართველო ერთ-ერთია. ანგარიშები გავუგზავნეთ მინისტრებს. მათი მთავარი მიზანია აღწერა იმის, თუ როგორ მიდის თანამშრომლობა ამ სახელმწიფოებთან და რა პროგრესი გვაქვს სახეზე. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პოზიტიურია. ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და არჩევნები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მე ვარ დარწმუნებული, რომ რაც არ უნდა გადაწყდეს სამიტისთვის, ჩვენ ვნახავთ ნატოსა და საქართველოს შორის კავშირების გამყარებას, პაკეტი კი შეიძლება მოიცავდეს ბევრ ელემენტს. ამ ელემენტებს კიდევ განიხილავენ. საქართველო უნდა ელოდოს ალიანსისგან მეტ მხარდაჭერას, ნატო-ს გაზრდილ პერსონალს თქვენს ქვეყანაში, მეტ შესაძლებლობას მჭიდრო თანამშრომლობისთვის", - განაცხადა აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






