ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ საქართველო კმაყოფილი იქნება იმ პაკეტით, რომელიც შემოდგომაზე იქნება მიღებული.
ამის შესახებ აპატურაიმ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენ ყველამ მოვისმინეთ, თუ რა თქვა გერმანიის კანცლერმა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო ნატო–ს დაუახლოვდა გატარებული რეფორმებით, ეს სიმართლეა. როგორც ხედავთ, ალიანსს პარტნიორებს შორის ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ეს იმის გამო, რაც ამ ქვეყანამ გააკეთა და იმის გამო, რომ ნატო-ს საქართველოსთან ახლოს ყოფნა სურს. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთი რამ აღნიშნა თქვენთან საუბარში – წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს კომისია ამ თვალსაზრისით არის საკმარისი, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს.“,- განაცხადა აპატურაიმ.
აპატურაი აცხადებს, რომ წლიური ეროვნული პროგრამა ძალიან ჰგავს წევრობის სამოქმედო გეგმას, მაპ–ს.
„მე კარგად მესმის მაპ–ის, როგორც პოლიტიკური თვალსაჩინოების მოთხოვნა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ქართველებმა იცოდნენ, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ის პაკეტი, რაზეც ახლაა საუბარი. ვფიქრობ, კმაყოფილები დარჩებით“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






