საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე პრემიებთან დაკავშირებით არსებულ მითქმამოთქმას ეხმაურება. აბაშიძის განცხადებით, მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პრემირების სისტემის მოგვარებასთან დაკავშირებით:
"მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პრემირების სისტემის მოგვარებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწყების ხელმძღვანელი თავისთვის პრემიის გამოწერის საკითხს ვერ გადაწყვეტს, ხოლო მის დაქვემდებარებულ უწყებაში პრემიების გაცემას მხოლოდ კვარტალში ერთხელ შეძლებს, ისიც პრემია არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივ სარგოს. ეს ძალიან სწორი მიდგომაა, რადგან ჩვენ გვქონდა პრეცედენტები და ბოლო შემთხვევაც გახსოვთ, როდესაც საჯარო მოხელის მიერ აღებული პრემია ბევრად აღემატებოდა მის ხელფასს.
მთავარი არის მიმართვა, რომ თვითმმართველობის ორგანოებმა გაითვალისწინონ ის სტანდარტები, რომელსაც აწესებს მთავრობა თავისთვის. სასურველი იქნება, თვითმმართველობაც ამ სისტემაზე გადავიდეს. რაც შეეხება ხელისუფლების სხვა შტოებს, საკანონმდებლო ხელისუფლებას ჩვენი საპრემიო დღის წესრიგი გვაქვს – პარლამენტარები არანაირ პრემიებს არ ვიღებთ, მხოლოდ აპარატის თანამშრომლები კვარტალურად იღებენ პრემიას. რაც შეეხება სასამართლოს, ბუნებრივირა, იგი თვითონ გადაწყვეტს თავის საპრემიო სისტემას. დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის ორგანოები გაითვალისწინებენ მთავრობის მიმართვას ახალ საპრემიო სისტემასთან დაკავშირებით. ეს კარგი სარეკომედაციო ღონისძიება მათთვის და კარგია, მათაც იგივე პრინციპით იხელმძღვანელონ, რითაც მთავრობა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






