„საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის მაქსიმალური ოდენობა მის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს“, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ განაცხადა.
ქარდავას განმარტებით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ, შესაბამისი დასაბუთებით.
"ამასთან, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი პირების შეზღუდვა, ვერ მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის თაობაზე. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს დაწესებულების ხელმძღვანელი, მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების შემთხვევაში გადაწყვეტს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი დასაბუთებით. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყეტს შესაბამისი მინისტრი, ხოლო იმ საჯარო დაწესებულის ხელმძღვანელზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო, ანუ არ იმყოფებიან კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიების გაცემის საკითზე გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






