ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი თემურ ჩარკვიანი გასულ კვირას თბილისში ქობულეთის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ:
„თემური იყო უპატიოსნესი ადამიანი, მაგრამ ბოლომდე გაწირეს, იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ კაცმა საბოლოოდ თავი მოიკლა. ჩვენ ისედაც კარგად ვიცით, რა ზეწოლებს განიცდიდა, როგორ გააკთებინეს არაერთი ქალაქი, მერე თვითონ რომ ხსნიდნენ საზეიმოდ სააკაშვილი მერაბიშვილი და ამაყობდნენ. გააკეთებინეს და „გადააგდეს“. სიღნაღის რეაბილიტაციიდან დაწყებული, ბათუმითა და ქობულეთით დასრულებული, უამრავი პროექტი განახორციელებინეს, მაგრამ ფული არ გადაუხადეს, ეს დეტალურად აღწერა თავის წერილშიც, რომელიც გარდაცვალებამდე დატოვა.
წერილში თემური პირდაპირ ადებს ხელს ზურაბ ადეიშვილს, მაგას ჩემი გამწარებისთვის ღმერთი არ გაახარებსო, ჯერ მისი პარტნიორები დაიჭირეს, ორი კაცი, რომელიც თემურის გამოსახსნელი გახდა და 360 ათასი გადაახდევინეს, მერე თავად თემურს მიადგნენ და მის დაჭერას აპირებდნენ.
მის პარტნიორებს აწვებოდნენ, რომ თემურისთვის დაედოთ ხელი. წერილშიც წერს, მერე მე მომადგნენ და ერთი მილიონი მომთხოვესო. ამხელა თანხა იმ მომენტში არ ჰქონდა, ამიტომ მახინჯაურის ობიექტი ჩაადებინეს ბანკში და ფული წაიღეს. მახინჯაურის გამოსასყიდად ბანკში ნახევარი მილიონი ლარი ჰქონდა შეტანილი, მაგრამ მაღალი პრინციპისა და დაგვიანების გამო ისიც წაართვეს.
პირდაპირ წერს რამდენი წაართვა ზურაბ ადეიშვილმა. მაგალითად, სიღნაღში 3 მილიონი, ქუთაისში 2.5 მილიონი და ა.შ. გააკეთებინეს სამუშაოები, ცალკე ფული წაართვეს იმის გამო, რომ არ დაეჭირათ, დაადეს უზარმაზარი ვალები და ვეღარ გაუძლო კაცმა. წერილში ბოლოს იმასაც კი ამბობს, ახლა მინდოდა სიცოცხლე, მაგრამ ვეღარ ვუძლებო“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი.
მასალის გამოყენების პირობები






