საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრეზიდენტი მოაწერდა:
„პირველ რიგში მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 27-ში უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს, ეს ხელშეკრულება თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს უქმნის ჩვენს ქვეყნას.
რაც შეეხება ხელის მოწერას, ამოსავალი მდგომარეობდა ერთ მარტივ გარემოებაში, ეს არის სახელმწიფო ინტერესი და ეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ 27-ში ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას, ვილნიუსში პარაფირება განვახორციელეთ და რვა თვეში მივედით ამ მომენტამდე, ეს ერთი ღირებულებაა, მეორე ღირებულება არის ის, რომ ქვეყანაში უმთავრესი სახელმწიფო ინსტიტუტეტბი ფუნქციონირებდეს ადეკვატურად, შესაბამისად ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი შეხედულება, რომ უპრიანი იქნებოდა ამ დოკუმენტზე ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა, მაგრამ ჩვენ ისიც ვთქვით, რომ კინკლაობაში არ შევალთ და შედეგად გადავეცით ეს უფლებამოსილება მთავრობას. აქედან გამომდინარე კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსნილია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






