"სიახლე არაა, რომ ევრაზიული კავშირი რუსეთის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს პასუხობს და ასევე მისი უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. საბაჟო კავშირი არათუ საქართველოსთვის, არამედ ჩვენს რეგიონში არსებული ქვეყნებისთვისაც საფრთხის მატარებელია და არა საერთო ინტერესების. ევრაზიული კავშირი მისი წევრი სუბიექტების სუვერენიტეტის ხარჯზე იქმნება, სადაც თავისუფლებას იგივე ფასი აქვს რაც თავად რუსეთში. არ ვიცი რამდენადაა ინფორმირებული მარგველაშვილი რეინკარნირებული საბჭოთა კავშირის შესახებ, მაგრამ ცხადია, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილის მესიჯები კარგად გაითავისა. სომხეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა საქართველოსთვის, გარდა იმისა რომ სამართლებრივად შეუთავსებელია, ჩვენს ქვეყანას საფრთხეს უქმნის - ფეესბე ტვირთის გადაადგილებას ჩვენს ტერიტორიაზეც გააკონტროლებს და ეს ნიშნავს, რომ აგრესორის უსაფრთხოების სისტემასთნ თანამშრომლობას გვაიძულებს, რაც უბრალოდ დამღუპველია",- განაცხადა მუხრან ბურჭულაძე.
ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ სომხეთმა განსხვავებული არჩევანი გააკეთა და ეს მისი ნებაა.
„იქნებ განგვიმარტოს პრეზიდენტმა როგორია მომავალი რომელსაც ის და სარგსიანი ერთნაირად ხედავენ“, მაშინ როდესაც ჩვენ და სომხეთი სხვადასხვა გზებს ვადგავართ",- აღნიშნა "ნიუპოსტთან საუბარში "დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ თავმჯდომარემ.
საქართველოს და სომხეთს მჭიდრო თანამშრომლობა და სხვადასხვა მიმართულებებით ერთნაირი ხედვა გააჩნიათ"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
"ჩვენ ორ ქვეყანას მუდმივად გვაქვს ინტენსიური ურთიერთობები. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ახალი ნაბიჯების გადადგმის წინ, როდესაც საქართველო 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს, ხოლო ჩვენი მეზობლები და მეგობრები სულ მალე გაწევრიანდებიან საბაჟო კავშირში, ამ მომენტში უაღრესად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ჩვენს უაღრესად ახლო თანამშრომლობას პარტნიორებთან, სომხეთის სახელმწიფოსთან, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ ნაბიჯებს ექნება მხოლოდ პოზიტიური შედეგი ორივე ჩვენი ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს აქვს სომხეთთან და ამ მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, უფრო მეტი იმპულსი მიეცემა მომავალში ამ ურთიერთობებს. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას, იმისთვის, რომ ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვა, მე მინდა, აგრეთვე მადლობა ვუთხრა მას გამომდინარე იქედან, რომ სხვა მიმართულებებითაც, კულტურული, სამეცნიერო, განათლების მიმართულებით ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვა და ერთნაირად ვხედავთ მომავალს და ეს არის მხოლოდ თანამშრომლობისა და მომავალი ურთიერთობების გაღრმავების მომავალი. კიდევ ერთხელ მინდა, მივესალმო სომხეთის პრეზიდენტს საქართველოში და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები ღრმავდება და პოზიტიური დინამიკით იზრდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






