საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.
მაია ფანჯიკიძის თქმით, სანამ სამი წინაპირობა არ შესრულდება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი არ იქნება.
მისი თქმით, საქართველოს არც ერთი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად არ გადაუდგამს.
"ბატონი კარასინი, და საერთოდ, რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადება, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას, ჩვენ ადრეც მოგვისმენია და ადრეც გამიკეთებია კომენტარი. იმ პირველი გაკეთებული კომენტარიდან დღემდე არაფერი არ შეცვლილა, საქართველო ვერ გადადგამს რუსეთის მიმართულებით დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენ ნაბიჯს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, იმიტომ, რომ საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილი არის აღიარებული რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ასევე იმის გამო, რომ ცხინვალსა და სოხუმში რუსეთს დიპლომატიური წარმომადგენლობები აქვს, სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ, ასევე არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მას შემდეგ მოხდება, რაც რაც შესრულდება 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მოხდება დეოკუპაცია და აღიარების უკან წაღება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას.
მასალის გამოყენების პირობები






