რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას.
"2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთს არ მიუღია, ამიტომ მათი აღდგენის ფორმალურ მხარეზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ. მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რაც ახლა შეგვიძლია, რომ აღვადგინოთ ის კეთილი ტრადიციები, რომელიც ყოველთვის არსებობდა ქართველ და რუს ხალხს შორის", - განაცხადა გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, რეალური ურთიერთქმედების აღსადგენად თავდაპირველად საჭიროა პრაქტიკული საკითხების განხილვა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ჰუმანიტარულ სფეროებში.
"ივლისის შუა რიცხვებში მორიგ შეხვედრას გავმართავ პრაღაში, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან და ჩვენი შეხვედრა იმ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას დაეთმობა, სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე", - აღნიშნა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






