"ქართულ ოცნებას" არ "უჩალიჩია", რომ მისი კანდიდატის 50%-ზე ნაკლები ხმა ბარიერის ზემოთ აეწია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მარკ მალენმა განაცხადა.
მალენის თქმით, მისი განცხადებები წარმოადგენს პირად მოსაზრებას და არა "საერთაშორისი გამჭვირვალობა – საქართველოს" შეხედულებებს.
"ზოგადად საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არც ისე მნიშვნელოვნად ითვლებოდა, იმიტომ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, ფაქტობრივად არანაირ ძალაუფლებას არ ფლობდა. ეს დამოკიდებულება თანდათან იცვლება, პირველად ისტორიაში ადგილობრივ თვითმმართველობებს გარკვეული ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღების საშუალება ექნებათ. ეს არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი", - განაცხადა მარკ მალენმა.
მისი თქმით, ეს არჩევნები მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის განვითარების გზაზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ მხრივ არის 50%-იანი ბარიერი.
„როდესაც წინა არჩევნები იყო, ყველა კვლევის მიხედვით გიგი უგულავას რეიტინგი იყო 32% და მაშინდელმა უმრავლესობამ შეიტანა კანონში ცვლილება და ბარიერი დაწია 30%-მდე. ეს იყო ცინიკური უმრავლესობის მხრიდან. ამასთან მოხდა ისე, რომ უგულავამ უკეთესი კამპანია აწარმოა, ვიდრე ირაკლი ალასანიამ. თუმცა ამ ცვლილებით მას თეორიულად შანსი ჰქონდა გაემარჯვა იმ შემთხვევაშიც კი თუ უფრო ცუდ კამპანიას აწარმოებდა. ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა საარჩევნო კოდექსი და ბარიერი აწია 50%-მდე და შემდეგ თავად "ქართული ოცნების" კანდიდატმა ვერ გადალახა ეს ბარიერი. თუმცა მათ არ "უჩალიჩიათ" რომ მისი კანდიდატის 50%-ზე ნაკლები ხმა აეწიათ თუნდაც 51%-მდე, აღიარეს მეორე ტური. ეს არის ხელისუფლების მოწიფულობის ნიშანი, განსხვავებით იმისგან, როდესაც მეორე ტური არ დაუშვეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს მეორე ვადით ირჩევდნენ პრეზიდენტად და მაშინ არსებობდა ეჭვი, რომ მეორე ტური უნდა დანიშნულიყო", - განაცხადა მარკ მალენმა.
მასალის გამოყენების პირობები






