“ჩვენი საკრებულოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუმსახურებელი პრემია არასდროს გაცემულა”, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა უწყებაში გასაცემ პრემიებზე კომენტირებისას განაცხადა.
“ჩვენი საკრებულოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუმსახურებელი პრემია არასდროს გაცემულა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საკრებულო თავის მოვალეობას ასრულებს სრული დატვირთვით და ღირსეულადაც ართმევს თავს. სწორედ ამის შედეგია, რომ აღარ ეძლევა საშუალება ზოგიერთ ვაჟბატონს, რომ 50 მილიონობით ლარი არამიზნობრივად გაფლანგოს. მიმაჩნია, რომ თავის მართლება არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან, ვინაიდან საკრებულოში პრემიების გაცემის საკითხს წყვეტს არა ერთი ადამიანი, არამედ კოლეგიალური ორგანო – ბიურო. ბიუროზე ერთსულოვანი და ერთობლივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პრემიებთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ ეს პრემიები არის დამსახურებულად და თანაბრად ყველა თანამშრომელზე გაცემული როგორც დეპუტატებზე, ასევე აპარატის თანამშრომლებზე. ეს იყო მუდამ ასე. ამ შემთხვევაში გავრცელებულია ცრუ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით თითქოსდა ადამიანების დიფერენციაცია ხდება და საკრებულო ამას სხვა მიზნებისთვის იყენებს”, - განაცხადა შიხიაშვილმა.
თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, მისი მოადგილეები, კომისიის თავმჯდომარეები და წევრები ივნისის ანუ ბოლო ხელფასთან ერთად პრემიებსაც აიღებენ.
როგორც ირკვევა პრემიის ოდენობა 300% იქნება, აპარატის თანამშრომლების კი 200% ნაცვლად 150%. იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ხელფასი 3540 ლარია 300% -იან პრემიასთან ერთად ირაკლი შიხიაშვილის ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო ხელფასი და პრემია 14 160 ლარი იქნება. ხოლო მისი პირველი მოადგილის ჯაბა სამუშიას ხელფასი და პრემია 11 800 ლარი.
სხვა მოადგილეების 11 400 ლარი, კომისიის თავმჯდომარეების კი 10 400 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






