საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ სომხეთმა და საქართველომ საგარეო პოლიტიკის კუთხით განსხვავება არა დისტანცირების საშუალებად, არამედ ურთიერთობის გასამყარებლად უნდა გამოიყენონ.
უსუფაშვილის თქმით, ორმა ქვეყანამ უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობები, რადგან “უერთმანეთოდ ვერ შევძლებთ საკუთარი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“.
„ჩვენი შეხვედრა შეეხებოდა 2 ქვეყანას შორის ურთიერთობებს, განსაკუთრებით – იმ ფონზე, რომ ბოლო ხანებში ჩვენ გარკვეულწილად განვითარების სხვადასხვა გზა ავირჩიეთ. საქართველოს გადაწყვეტილი აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ხოლო სომხეთს – რუსეთთან, ბელორუსთან და ყაზახეთთან სხვა გაერთიანებაში შესვლა. ჩვენ შევჯერდით და შევთანხმდით იმაზე, რომ გვესმის ერთმანეთის არჩევანი, გვესმის ის მიზეზები, თუ რატომ გავაკეთეთ ორივე ქვეყანამ ესა თუ ის არჩევანი. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველომ და სომხეთმა ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რათა ამ განსხვავებულ, სხვადასხვა მიმართულების მქონე სახვადასხვა ვექტორის მქონე სავაჭრო ეკონომიკურ გაერთიანებებში ყოფნის დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კი არ დაზარალდეს, არამედ გაუმჯობესდეს. ამისთვის სპეციალურ ზომებს უნდა მივმართოთ“,– განაცხადა უსუფაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მხარეები შეთანხმდნენ. მისი თქმით, პარლამენტების დონეზე იქნება სამუშაო ჯგუფების ვიზიტები, რათა საქართველო კარგად გაერკვეს, რა იცვლება სომხეთში გაერთიანების შემდეგ ბიზნესკლიმატთან დაკავშირებით, სავაჭრო–ეკონომიკურ კანონმებლობასთან დაკავშირებით, ასევე სომხეთმა უკეთ გაიცნოს, თუ რა ხდება საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები






