თბილისის საკრებულო ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, მისი მოადგილეები, კომისიის თავმჯდომარეები და წევრები ივნისის ანუ ბოლო ხელფასთან ერთად პრემიებსაც აიღებენ.
როგორც ირკვევა პრემიის ოდენობა 300% იქნება, აპარატის თანამშრომლების კი 200% ნაცვლად 150%. იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ხელფასი 3540 ლარია 300% -იან პრემიასთან ერთად ირაკლი შიხიაშვილის ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო ხელფასი და პრემია 14 160 ლარი იქნება. ხოლო მისი პირველი მოადგილის ჯაბა სამუშიას ხელფასი და პრემია 11 800 ლარი.
სხვა მოადგილეების 11 400 ლარი, კომისიის თავმჯდომარეების კი 10 400 ლარი.
როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკრებულო მთელი მისი ხელმძღვანელობით და აპარატით ბიუჯეტის მიღების დღიდან გადასულია არანორმირებულ სამუშაო რეჟიმზე, ამიტომ საკრებულოს სრულიად სამართლიანად მიაჩნია, რომ გაწეული შრომისთვის დამსახურებული პრემია მიიღონ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება პრემიების შესახებ ერთპიროვნულად არ იყო მიღებული.
„აქვე განვმარტავთ, რომ თბილისის საკრებულოში არ არსებობს სახელფასო დანამატის პრაქტიკა. ამიტომ თანამშრომელთა წახალისება მხოლოდ პერიოდული პრემირებით ხდება.
საკრებულო მთელი მისი ხელმძღვანელობით და აპარატით ბიუჯეტის მიღების დღიდან გადასულია არანორმირებულ სამუშაო რეჟიმზე, რათა ქალაქში განსახორციელებელი თითოეული პროექტი შეითანხმოს, რის გამოც ხშირ შემთხვევაში საკრებულოს ბიუროს სხდომები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. საკრებულოს ამჟამინდელი შემადგენლობა მისი უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღემდე სწორედ ასე აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.
ამიტომ, სრულიად სამართლიანად მიგვაჩნია, რომ საკრებულოს დეპუტატებმა გაწეული შრომისთვის დამსახურებული პრემია მიიღონ. აქვე ცალსახად აღვნიშნავთ, რომ შემაჯამებელი პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა ვინმეს მიერ ერთპიროვნულად მიღებული. ეს არის საკრებულოს მრავალპარტიული ბიუროს გადაწყვეტილება, რამდენადაც ბიუროს შემადგენლობაში შედიან როგორც უმრავლესობის, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები“,- ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






