“მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ჩვენ ახლო თანამშრომლობას სომხეთის სახელმწიფოსთან”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა და ერთნაირი ხედვა სხვადასხვა მიმართულებებით კიდევ უფრო გაღრმავდება.
“ჩვენ ორ ქვეყანას მუდმივად გვაქვს ინტენსიური ურთიერთობები. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ახალი ნაბიჯების გადადგმის წინ, როდესაც საქართველო 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს, ხოლო ჩვენი მეზობლები და მეგობრები სულ მალე გაწევრიანდებიან საბაჟო კავშირში, ამ მომენტში უაღრესად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ჩვენს უაღრესად ახლო თანამშრომლობას პარტნიორებთან, სომხეთის სახელმწიფოსთან, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ ნაბიჯებს ექნება მხოლოდ პოზიტიური შედეგი ორივე ჩვენი ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს აქვს სომხეთთან და ამ მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, უფრო მეტი იმპულსი მიეცემა მომავალში ამ ურთიერთობებს. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას, იმისთვის, რომ ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვა, მე მინდა, აგრეთვე მადლობა ვუთხრა მას გამომდინარე იქედან, რომ სხვა მიმართულებებითაც, კულტურული, სამეცნიერო, განათლების მიმართულებით ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვა და ერთნაირად ვხედავთ მომავალს და ეს არის მხოლოდ თანამშრომლობისა და მომავალი ურთიერთობების გაღრმავების მომავალი. კიდევ ერთხელ მინდა, მივესალმო სომხეთის პრეზიდენტს საქართველოში და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები ღრმავდება და პოზიტიური დინამიკით იზრდება”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






