საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი დეპუტატ ზურაბ აბაშიძეს კანონში ჩახედვას ურჩევს.
ასე ეხმაურება დარჩიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხელისუფლება აქციებს და არეულობას არ დაუშვებს“.
„არ ვიცი, ზურაბ აბაშიძემ რა განაცხადა, მაგრამ აქცია იქნება, დემონსტრაცია თუ ბრიფინგი, ამ ყველაფერს კანონი არეგულირებს და კანონზე მაღლა არც მეტი, არც ნაკლები, არავინ უნდა იდგეს. თუ მან ასე განაცხადა, მაშინ კანონში ჩაიხედოს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ გეგმას გამოეხმაურა.
„თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს. „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებით ხალხის გამოსვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია და პირდაპირ ვაცხადებ, რომ მთავრობა აქციებს და არეულობას არ დაუშვებს. ბოროტი აზრები ყველამ თავისთვის დაიტოვოს“ – განაცხადა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






