„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურამდე გაგრძელდეს.
„მორატორიუმით მთავრობამ ოპოზიციის დევნა აღიარა. თუ ადამიანი კანონის წინაშე დამნაშავეა, მან პასუხი უნდა აგოს, თუ რასაკვირველია არსებობს გამოძიების დაწყების მხოლოდ სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ყველაფერი დღესავით ნათელია - ოპოზიციის განადგურების პროცესი უბრალოდ დაპაუზებულია. მორატორიუმის გამოცხადება და ვადები, ფაქტობრივად დევნის დეკლარირებაა. ევროპელებისთვის ცნობილია, რომ ოპოზიციის გასამართლების პროცესი პოლიტიკურადაა მოტივირებული, უბრალოდ არჩევნების პერიოდში ხელისუფლებას ევროპელი კოლეგების კრიტიკა დისკომფორტს უქმნის. რას ნიშნავს მორატორიუმი, რომ ბრალი მიმიძღვის და არ მაგებინებ პასუხს დროებით? ანუ მიჭერ მაშინ როდესაც გჭირდება? მთავრობას თუ ჰგონია, რომ არჩევნების მოგებით „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესს ლეგიტიმურობას ან კანონიერებას შესძენს და ამას „ხალხის მოთხოვნად“ გაასაღებს - ეს მისი ილუზიაა. ჩვენი ხალხი და არა მხოლოდ, ძალიან კარგადაა ინფორმირებული, თუ რა ამოძრავებს „ოცნებას“, ხოლო მისი მოთხოვნა არა რევანში არამედ კეთილდღეობა და მაღალი სტანდარტებია.
სამწუხაროდ გვყავს „მთავრობა, რომელიც უზნეობას ავრცელებს“ თუმცა ყოფილი პრემიერი ახალ პოლიტიკურ კულტურასა და რეალობას გვპირდებოდა. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრესზე იყოს ორიენტირებული, რევანშისტული მთავრობის საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნება და პრემიების გაზრდაა, ხოლო დასაყრდენი - ელგზალტირებული მასსები და განადგურებული ოპოზიცია. არჩევნების შემდეგ, ოპოზოციურად განწყობილი ადამიანების დაპატიმრებისა და დევნის მეტს ნურაფერს ელით და ვერც მოთხოვთ რადგან „ჰაკიმ ფაშას“ დაპირებაა - აგვირჩიეთ და დავიჭერთ“. ნუ გიკვირთ, ეს ახალი პოლიტიკური კულტურაა, ზოოპარკის პატრონი რომ ნერგავს",- განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ.
„წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურამდე გაგრძელდეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, მორატორიუმის გაგრძელებაზე ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
"არ ვიცი, ამ სიტუაციაში, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სავარაუდოდ დაველოდებით მეორე ტურს, შესაძლოა, მორატორიუმი გაგრძელდეს, თუმცა ჯერ არ ვიცი", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






