საქართველოს მთავრობა რეგიონალური განვითარების მესამე პროგრამის განხორციელების ირგვლივ მოლაპარაკებებს იწყებს.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო და საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს დაევალა.
"საქართველო წარმატებით ახორციელებს რეგიონული განვითარების ერთ-ერთ პროგრამას, ესაა კახეთის პროექტი. ამას გარდა, ამ დროისთვის მუშაობს იმერეთის პროექტიც. ასევე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ფინანსთა სამინისტროს დაევალა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, რათა განხორციელდეს მესამე ასეთი პროექტი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, ახალი პროექტი ორ რეგიონს – მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთს მოიცავს და მისი განვითარების ფარგლებში, დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ჩადება მოიაზრება.
"საუბარია პროექტის განხორციელებაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






