საქართველო იაპონიისგან არასაპროექტო საგრანტო დახმარების სახით 5 მილიონ დოლარს მიიღებს. ურთიერთგაცვლით ნოტებზე ხელმოწერის ცერემონია ხვალ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართება.
შესაბამის დოკუმენტაციას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მოაწერენ ხელს. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც დაესწრება.
როგორც იაპონიის საელჩოში აცხადებენ, აღნიშნული არასაპროექტო საგრანტო დახმარება გამიზნულია სამედიცინო, სოციალური დახმარების აღჭურვილობის, ასევე, სხვა მსგავსი აღჭურვილობის და მომსახურების შესაძენად. მოსალოდნელია, რომ საგრანტო დახმარების განხორციელება თავის წვლილს შეიტანს საქართველოს სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის სერვისების გაუმჯობესებაში.
იაპონიამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით განახორციელა ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA) სხვადასხვა მიმართულების პროექტები საგრანტო დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობისა და ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) სესხის სახით. იაპონიის მიერ ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოს მიმართ შეადგინა 369 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობა და სოციალური სექტორი, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.
მასალის გამოყენების პირობები






