„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ბრალდება იმის შესახებ, რომ მარნეულში დაფიქსირებული გამყალბებელი მათი წევრია, სასაცილოა, რადგან ვიდეოს გავრცელებით გამოდის, რომ პარტია სისხლის სმართლის პასუხისგებაში აძლევს თავის წარმომადგენელს“.
ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ მარნეულთან დაკაშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ არაერთი კადრი აქვს და საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.
„სასაცილოა, ფაქტობრივად, ჩვენს თანაგუნდელს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში ვაძლევთ, როცა ამ კადრებს ვაჩვენებთ. ეს ხომ აბსურდია?! ძალიან კარგად იცის და კარგად ხვდება ყველა, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი პირდაპირი გაყალბება, მასიური გაყალბება, რაც ხდებოდა მარნეულში. ძალიან კარგი იქნება თუ გამყალბებელი დაისჯება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთხელ მაინც შეასრულებს თავის სიტყვას და არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ზეპირი გამონათქვამებით დაკავებული“, – აცხადებს ვაშაძე.
მისივე თქმით, მარნეულში არჩევნების გაყალბება მასიური იყო და ამაში ჩართულები იყვნენ შსს და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ხელისუფლება.
„მოვისმინე „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მათ მოხსნეს კანდიდატურა და დღეს დილით გავიგეთ, რომ არ მოუხსნიათ და მათი კანდიდატი, რომელმაც გაყალბებით მაღალი ხმები დააფიქსირა, უნდათ, რომ გახდეს მარნეულის გამგებელი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ კადრებს, სადაც კალათბურთელივით ყრის და ათავსებს ბიულეტენებს ადამიანი. მარნეულში 16 საარჩევნო უბანია, სადაც ბიულეტენებისა და ამომრჩევლების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს იყო მასიური პროცესი მთელს მარნეულში, რაშიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი შსს–ს შესაბამისი უწყებები, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ხელისუფლება და მასიურად მოხდა არჩევნების გაყალბება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მარნეულში უნდა გაუქმდეს არჩენები, ან ხელახლა უნდა ჩატარდეს, ან როგორც მინიმუმ მეორე ტური უნდა ჩატარდეს იმ უბნებითვის, სადაც პირდაპირ მოხდა გაყალბება“, – განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






