უმრავლესობის წევრი ნუკი ქანთარია არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილზე გასვლას ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას უკავშირებს.
ქანთარიას განცხადებით, 15 ივნისის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ პოლიტიკაში "ნაციონალური მოძრაობის" ბოგინისათვის დაესვა წერტილი.
"საწყენია ის, რომ ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობის შედეგად, კვლავ მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა" გადის. ამავე დროს მისასალმებელია, რომ გამოიკვეთა რამდენიმე პოლიტიკური ძალა და ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ხელისუფლება მოწადინებულია იმისთვის, იყოს თავისუფალი პოლიტიკური ველი, თავისუფალი კონკურენცია და გაიმარჯვოს მართლაც ღირსეულმა – ყოველგვარი ძალადობის, ხელის გადაგრეხვის, მიტაცებების გარეშე. ძალიან შემრცხვებოდა, თუნდაც ერთი ხმა მიგვეთვისებინა გამარჯვებისთვის. როგორც ჩანს, ჩვენმა მოსახლეობამ ვერ გაათვიცნობიერა, ვერ გაითვალისწინა ის დიდი მნიშვნელობა, რაც ადგილობრივ არჩევნებს ახლდა, რომ ეს იყო საეტაპო არჩევნები, რომ ეს უნდა ყოფილიყო წერტილი მარათონისა, რომელიც 2012 წელს დაიწყო. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ პრობლემები ჩვენში უნდა ვეძიოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ვერ მივაწოდეთ, ვერ გავუჩინეთ ამომრჩეველს მოტივაცია. ბევრს ალბათ გულიც აუცრუვდა ბევრ რამეზე – ზოგს უსამართლოდ, ზოგს სამართლიანად. ჩვენც გამოვიჩენთ ზოგიერთ საქმეში ზოგჯერ ზედმეტი სიჩქარე, ზოგჯერ ზედმეტი დაგვიანება. ასევე პიარ-სამსახურებიც ალბათ იმ დონეზე ვერ იყვნენ, რომ გაკეთებული საქმეები მოსახლეობისათვის ბოლომდე მიაწოდებინათ და დაერწმუნებინათ იმაში, რაშიც გარკვეულწილად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაოსტატებული იყვნენ", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






