სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნები კანონის უზენაესობის დაცვის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
„არჩევნების დღეს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები მობილიზებული იყვნენ, თუმცა, კენჭისყრის დასრულებამდე, ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ შეტყობინებები არ შემოსულა. კანონდარღვევებს ადგილი ჰქონდა ხმის დათვლის პროცედურების დაწყების შემდეგ.
საინფორმაციო საშუალებებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაძაბულობა შეინიშნებოდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორის, ხონის 22–ე საარჩევნო უბანზე უცხო პირებმა დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი; გავრცელდა ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის საარჩევნო შტაბზე თავდასხმის შესახებ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინციდენტები თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევად შეიძლება შეფასდეს და სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს ყველა ამ ფაქტზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების ვალდებულება ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა, მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში დადგინდნენ დამნაშავე პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






