"ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, არჩევნებზე დაფიქსირებული "ძალიან დაბალი" აქტივობა ცხადყოფს, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ნდობის ღრმა კრიზისი აქვს.
გუშინ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი რადიო" უცვლელად გთავაზობთ
"დღევანდელი თვითმმართველობის არჩევნების ავტორიტეტული ეგზით პოლების შედეგები აჩვენებს რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მეორე ტურის ძალიან დიდი ალბათობაა. ამასთან, არჩევნებზე მოსვლის ძალინ დაბალი მაჩვენებელი ცხადჰყოფს რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ნდობის ღრმა კრიზისი აქვს.
სამწუხაროდ, დღევანდელ არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინა არადემოკრატიულმა, გაუარესებულმა საარჩევნო გარემომ, რომელიც აღსავსე იყო ძალადობით, კანდიდატებზე კარგად დოკუმენტირებული ზეწოლებითა და შანტაჟით და ხელისუფლების პირველი პირების ძალადობის გამამართლებელი განცხადებებით. მტკიცება იმისა რომ მეორე ტური არ იქნება მაშინ როცა ამის ყველა წინაპირობა არსებობს არის არაადექვატური და არადემოკრატიული. პრემიერ-მინისტრის აღნიშნული განცხადება მიანიშნებს რომ არსებობს წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის საარჩევნო კომისიებზე გადატანის რეალური ალბათობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურში ისევ გამარჯვებისათვის იბრძოლებს, იმისათვის, რომ ავამუშაოთ საქართველო და მთავრობის მიერ ქვეყნის განვითარების შეფერხებას წერტილი დაუსვას",-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები






