"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელ კახა კალაძეს პასუხობს.
მისი თქმით, კალაძემ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა.
"რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს "ქართული ოცნების" არაკომპეტენტურობაზე. მე მინდა ფეხბურთელ კალაძეს ვუთხრა, რომ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ყოფილა იტალიის ნაკრებში, მასზე ბევრად უკეთესებიც, მაგრამ არავის გადაუწყვეტია ნორმალურ ქვეყანაში არც მინისტრობა, არც ვიცე-პრემიერობა და არც პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკის სწავლება და მით უფრო იურისტებისათვის იურისტობის სწავლება", - აცხადებს ბურჯანაძე.
მისი თქმით, სურს "ქართულ ოცნებას" უთხრას, რომ ისინი ნამდვილად არღვევენ კანონს.
"საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-16 პუნქტში არის აკრძალვა არჩევნების დღეს ზურგს უკან საკუთარი ნომრის დაფიქსირებისა და მინდა შეგახსენოთ, რომ შარშან ამის გამო "ქართული ოცნება" დაჯარიმდა, რის შემდეგაც ბატონ საგანელიძეს მოუწია ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და ნომრის მოხსნა საბრიფინგე ოთახიდან", - განმარტავს ბურჯანაძე.
კახა კალაძის თქმით, ის ფაქტი, რომ მათი აქტივისტები აწარმოებენ კენჭისყრის შენობის გარეთ უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების დამატებით აღრიცხვიანობას, არ წარმოადგენს კანონდარღვევას და სრულად შეესაბამება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს.
მასალის გამოყენების პირობები






