კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს. კახი კალაძის თქმით, არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადასტურებენ.
“ადგილი ჰქონდა, რამდენიმე დარღვევასა და ინციდენტს, რომელთა აღმოფხვრა საარჩევნო ადმინისტრაციებმა და შესაბამისმა უწყებებმა დროულად მოახერხეს და პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება მოახდინეს და ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა კახი კალაძემ.
მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია და ამის გამო ისინი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
„გვინდა განვმარტოთ, რომ არჩევნების დღეს წინასაარჩევნო აგიტაცია და საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო ატრიბუტიკის გამოყენება აკრძალულია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში.
ის ფაქტი, რომ ჩვენი აქტივისტები აწარმოებენ კენჭისყრის შენობის გარეთ უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების დამატებით აღრიცხვიანობას, არ წარმოადგენს კანონდარღვევას და სრულად შეესაბამება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს. მსგავსი ქმედება არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია განახორციელოს, ვისაც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში მიღება სურს.
აქვე, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს და პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს, თავი შეიკავონ კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული ქმედებების განხორციელებისგან და კენჭისყრის შენობაში სააგიტაციო მასალით არ შევიდნენ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი და საკუთარი არჩევანი გააკეთა, ხოლო ვისაც პოზიცია ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია, აქტიურობისკენ მოვუწოდებთ”, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






