15:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში 2, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 29 საჩივარი წარადგინეს.
ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლომჯარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 15:00 საათისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საარჩევნო უბნებზე აგიტაციის 4 ფაქტი.
„რუსთავის #63, გორის #12, ბათუმის #13 და ლანჩხუთის #24 საარჩევნო უბნებზე. აგიტაცია ძირითადად გამოიხატებოდა პირდაპირი მოწოდებით, ამომრჩეველს ხმა მიეცა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის. ასევე უბნებზე იმყოფებოდნენ პირები საარჩევნო სუბიექტის ნომრიანი მაისურებით. სამწუხაროდ, კომისიის თავმჯომარეებმა აღნიშნული პირები დაუშვეს საარჩევნო უბნებზე და აგიტაციის ფაქტებზე არ მოახდინეს სათანადო რეაგირება“, – განაცხადა ლომჯარიამ.
გარდა ამისა, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მთაწმინდის #14, ზუგდიდის #74, სამგორის #77, ქუთაისის #64, ახმეტის #18 და ვაკის #19 საარჩევნო უბნებზე არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები გამოვლინდა.
ამასთან, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერების 3, მარკირების შემოწმების/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის 10, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 8 და დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 5 ფაქტი.
“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).
მასალის გამოყენების პირობები






