საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის საკეთილდღეოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. უსუფაშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც საბურთალოს საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა:
"ჩვენ მზად ვართ თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს ყველაფერი დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, სოფლების, ქალაქების, რეგიონების საკეთილდღეოდ. ძალიან საინტერესო არჩევნები იმართება, სიახლეები რომლებიც ამ არჩევნებისთვის დაინერგა, საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, საინტერესოა, მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის თვალსაზრისით. 16 000-მდე მოქალაქეა ჩართული საარჩევნო მარათონში, ამას თან ახლავს გარკვეული დაძაბულობა, რაც ყველა შეჯიბრს ახასიათებს. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები თავისუფალ გარემოში მიიღებენ გადაწყვეტილებას და დღის ბოლოს გვეცოდინება არჩევნების წინასწარი შედეგები. ეს იქნება მრავალპარტიული საკრებულოები და მოსახლეობის უმრავლესობით არჩეული მერები და გამგებლები", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






