საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განუცხადა.
"როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ერაყში საომარი მოქმედებების დროს იქ იმყოფებოდნენ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი საელჩო ჩაერთო ამ საქმის გარკვევაში და ჰქონდათ კონტაქტი ერაყის ხელისუფლებასთან. როგორც ერაყის ხელისუფლება, ასევე საქართველოს საელჩო ადასტურებს, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე გატაცებული არ არის. ისინი გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილებში", - აღნიშნა გიორგი ტაბატაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ბაღდადშია გადაყვანილი, ნაწილი კი ქალაქ ერბილში.
„რაც შეეხება საქართველოს 5 მოქალაქეს, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული პრობლემები სავიზო დოკუმენტაციაში, ამჟამად მიმდინარეობს ამ საკითხის გარკვევა და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უახლოეს მომავალში საქართველოში გამოემგზავრებიან“, - განაცხადა ტაბატაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






