„დღეს საქართველოში არსებობს უამრავი სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული ადამიანი, რომელიც ეძებს პატრონს და ვერსად პოულობს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარემ გიგი უგულავამ პარტიის შემაჯამებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ერთადერთი სურვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობაა.
„ჩვენ ვნახეთ უამრავი იმედგაცრუებული ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ივანიშვილი საკუთარ თანხებს დაახარჯავდა, მაგრამ საპირისპირო სურათი მივიღეთ; ვნახეთ უამრავი სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც ელოდება ერთ განცდას, რომ ქვეყანას ჰყავდეს პატრონი. ეძებენ ამ პატრონს, უნდათ პატრონი, მაგრამ ვერსად ნახეს იგი... ამ მთავრობას ჩვენთან ბრძოლა უნდა და ერთადერთი სურვილი აქვს - „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრეს. რამდენიმე დღეში ხელისუფლება აპირებს, რომ ასი ათასობით ადამიანი გააქროს. მინდა, ვუთხრა მათ, რომ იმ გზას დაადგნენ, რომელიც შედეგამდე ვერ მიიყვანს. საკუთარ ხალხთან ბრძოლა ყოველთვის მთავრობის დამარცხებით მთავრდება და ასე დაამთავრებს ეს მთავრობაც. დღეს უკვე დადგა დრო, როცა ხალხი გამოფხიზლდა და ტყუილზე მოსულ, ორ წელიწადში გაკოტრებულ ხელისუფლებას აღარ მიიღებს“ - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






