„იმის მაგივრად, რომ ქვეყანა წასულიყო წინ, ადამიანებს დაეწყოთ უკეთ ცხოვრება, ხელისუფლებამ მთელი თავისი რესურსი დახარჯა წარსულთან ბრძოლაში“, ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ "ექსპო ჯორჯიაში", პარტიის თბილისის ორგანიზაციის წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ყრილობაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა დღეს ერთ ადგილზეა გაჩერებული და წინ ვერ მიდის. ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებამ იმის შენარჩუნებაც ვერ შეძლო, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ დაუტოვა.
"წინა 9 წელში არ იყო ყველაფერი კარგად. უამრავი გაჭირვებული ადამიანი ვნახე. მაგრამ წინა წლებში იყო იმედი იმის, რომ ხვალინდელი დღე იქნებოდა უკეთესი. იყო იმედი იმის, რომ თუ მეზობელმა იშოვნა სამსახური, ხვალ შენც იშოვნიდი და ოჯახს არჩენდი. კრიმინალი და ყაჩაღობა წარსულში იყო დატოვებული. იმის მაგივრად, რომ ქვეყანა წასულიყო წინ, ადამიანებს დაეწყოთ უკეთ ცხოვრება, ხელისუფლებამ მთელი თავისი რესურსი დახარჯა წარსულთან ბრძოლაში. ჩვენი ხალხი იმსახურებს მომავალს, უკეთეს ცხოვრებას, პენსიების გაზრდას, ნამდვილი ქარხნების აშენებას, სიმშვიდეში ცხოვრებას, ევროპის ნაწილად ყოფნას და იმსახურებს, რომ მთავრობამ არ მოატყუოს, როცა რამეს ჰპირდება. დღეს, ქვეყანა არის ერთ ადგილზე გაჩერებული ადამიანი, რომელიც მარტო უკან იყურება და წინ ვერ მიდის. არ შეიძლება მარტო წარსულთან ბრძოლა. მომავალი უნდა ვაშენოთ. წარსულთან ბრძოლა რამის მომტანი რომ იყოს, იმაზე მეტი ვის ჰქონდა საბრძოლი 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით, დანგრეულ და გაუბედურებულ ქვეყანაში. თუმცა, ჩვენ დავიწყეთ საქმის კეთება და ქვეყნის წინ წაყვანა. ამ ხელისუფლებამ კი იმის მოვლაც ვერ შეძლო, რაც ჩვენ დავუტოვეთ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, საუბედუროდ, სიტყვა, რომელიც დღეს აღწერს მოსახლეობის განწყობას, არის იმედგაცრუება და ხვალინდელი დღის შიში.
"ჩვენმა ხალხმა დღეს აღარ იცის რას მოუტანს ხვალინდელი დღე, აღარ იცის როგორ იცხოვრებენ ხვალ, აღარ იცის რისი დაიჯეროს და რომელი დაპირება დაიჯეროს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი დაპირება არ შესრულდა. ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი განცხადებით, ხელისუფლებამ დაპირებები ვერ შეასრულა და ხალხს აღარც იმედი აქვს და აღარც ბრაზი.
"კარგად მახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იყო იმედისა და სიბრაზის არჩევნები;. დღეს აღარც იმედია და აღარც სიბრაზე. აღარ არის იმედი, რადგან ხელისფლებამ ვერაფერი გააკეთა ამ იმედების გასამართლებლად. ყველას გვახსოვს რას ჰპირდებოდნენ ხალხს, მაგრამ ჩვენმა ხალხმა ამ დაპირებებიდან ვერაფერი მიიღო. 100 ქარხანა ვირტუალურად, სამინისტროს ვებგვერდზეა გახსნილი, ვირტუალურ ქარხნებში ადამიანები ვერ მუშაობენ და შემოსავალი არ აქვთ. იმის მაგივრად, რომ ნამდვილი ნაბიჯები გადადგმულიყო, მთავრობა გვეუბნება, რომ ყველაფერი შევასრულეთ და ვებგვერდზე დევსო. მოდი ეს ვებგვერდზე დადებული ქარხნები დავუტოვოთ მთავრობას და ჩვენ ვიყოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ხალხს ნამდვილ სამუშაო ადგილებს, ნამდვილ დასაქმებას და ნამდვილ შემოსავალს მოუტანს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






