საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ასოცირების პროცესი შრომატევადია და ითვალისწინებს ფართომასშტაბიან რეფორმებს.
"როგორც მოგეხსენებათ, 27 ივნისს ჩვენ ხელს ვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ამ ნაბიჯით გადავდივართ ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე. ბატონ ბაროზუსთან შეხვედისას გვქონდა საშუალება განგვეხილა ის კონკრეტული ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინაშე დადგება უკვე ხელმოწერის შემდეგ, ვინაიდან შეთანხმება ამოქმედდება მოკლე ხანში. მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან უპრეცედენტოდ დააახლოებს, ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვის გზით, რაც ფაქტიურად, შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. საქართველოს მთავრობა მზადაა ეფექტიანად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ მალე მიიღოს შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი. ამასთან, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების პროცესი შრომატევადია და ითვალისწინებს ფართომასშტაბიან რეფორმებს. შესაბამისად, მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით. ამ კონტექსტში, ძალზე ვაფასებთ ევროკავშირის დახმარებას ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში.
დღეს, ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მნიშვნელოვან საფინანსო შეთახმებას, რომლის მიზანია საქართველოში წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებში და ნათელი მაგალითია იმისა, რომ ევროკავშირი მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას რეფორმების საკმაოდ რთულ პროცესში. ბატონ პრეზიდენტთან ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების პერსპექტივას, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ უკვე მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის განხორციელების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია ფორმალურად მალე გამოაცხადებს მეორე ფაზაზე გადასვლის გადაწყვეტილებას და გააგრძელებს ჩვენი ძალისხმევის აქტიურ მხარდაჭერას, რათა დროულად და წარმატებით დავასრულოთ ეს პროცესი. ჩვენი მხრივ, კი მზად ვართ მეტი ინტენსიობით განვახორციელოთ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები. ბატონ პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ, ასევე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა პრიორიტეტულ დარგში, მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო მიზნების წარმატება დიდად არის დამოკიდებული რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არსებობაზე. ამ კონტექსტში, ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმ როლს, რომელსაც ის ასრულებს პოლიტიკური განცხადებების, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის, მონიტორინგის მისიისა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით. ჩვენ ვიზიარებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ევროპის კონტინენტზე და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთოებისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში. დღეს, ჩვენი შეიარაღებული ძალების მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთი ასეული უკვე ჩაერთო ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში. საქართველო ასევე, მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს მალიში ევროკავშირის მისიაში.
მოხარული ვარ ევროკავშირთან იმ თანხმობით, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი, არამედ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ გზისა, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ევროპულ ოჯახში. მადლობას მოვახსენებ ბატონ პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისათვის და იმედს გამოვთქვამ, რომ ევროკავშირი მომავალშიც იდგება ჩვენს გვერდით ევროპული საქართველოს მშენებლობის გზაზე", - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






