საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და პოლიტიკურ პარტიებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:
„პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია საქართველოში, რომელზეც მთავრობა არ ძალადობს ხალხზე, მედიაზე და კანდიდატებზე, სახელმწოფოს მხრიდან ძალადობა ჩაბარდა წარსულს.
ეს არჩევნები პირველია, რომლის წინა პერიოდშიც მთავრობის მეთაურმა ძალოვან სტრუქტურებს მორატორიუმი დაუწესა და გარკვეული პაუზა იქნა დაწესებული სისხლის სამართლის კანონის ნორმების მოქმედებაზე. უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, ცალკეული ინციდენტების არსებობისას პოლიცია იცავს საზოგადოებას.
ამომრჩეველმა იცის, რომ ის არის თავისუფალი. დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ თავისუფალი არჩევანისთვის არ დაისჯება, ეს კი პირველად ხდება და ამიტომაც ალბათ ამომრჩევლები ღელავენ.
ბოლო დღეებში ტემპერატურამ იმატა და ყველა პოლიტიკური პარტიის ბევრი კანდიდატი ანერვიულდა, როგორც ყოფილმა კანიდიდატმა, მინდა შევახსენო მათ, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმშვიდე, დამაჯერებლობა. ანერვიულებულ კანდიდატებს ამომრჩეველი მხარს არ უჭერს.
მივესალმები მთავარი პროკურატურის მიერ შესაძლო სავარაუდო ზეწოლის შესახებ 80 ფაქტის გამოკვლევას და 100-მდე ადამიანის გამოკითხვას.
მივესალმები მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას, შეესრულებინა უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია და გორში კანდიდატზე ზეწოლის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე, პირის გამოკითხვისას მონაწილეობა მიეღო საია-ს წარმომადგენელს.
მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, რომ ინტენსიურად გააგრძელოს პირთა გამოკითხვა სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე.
მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას მოახდინოს მუქარის შემცველი ზარების ავტორების იდენტიფიკაცია. მსურს ვაცნობო საზოგადოებას გამოვლინდა ერთი შემაშფოთებელი ფაქტი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ოზურგეთის დეპუტატის კანდიდატმა კახა კილაძემ პროკურატურაში განაცხადა, რომ მის მიერ კანდიდატის დაყენება და შემდეგ მოხსნა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" წინასწარ იყო შეთანხმებული. მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას გააგრძელოს ამ მხრივ მუშაობა რათა გამოირკვეს ხომ არ ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას წინასწარ დაგეგმილი კანდიდატების წამოყენება და შემდეგ მოხსნა.
მედიის თავისუფლება არის ამ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. მივესალმები მთავარი პროკურატურის მიერ ჭიაბერაშვილზე მომხდარი თავდასხმის შედეგად წამოწყებულ გამოძიებას.
ვგმობ ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებულ აგრესიას საარჩევნო ადმინისტრაციაზე, როგორც მოხდა მარნეულში. ვგმობ ნაციონალური მოძრაობის მიერ მთელი საარჩევნო კამპანიისას გამოყენებულ მიუღებელ მეთოდს პოლიტიკური ბრძოლისას.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა, დასერიოზულდნენ, არცეთი პარტიის არცერთ კანიდადატს, აქტივისტს არ აპატიებს ჩვენი ქვეყანა უპასუხისმგებლობას.
უმორჩილესი თხოვნით მივმართავ იმ ოჯახებს, რომლებმაც სახელმწიფოს ხელით დაკარგეს შვილები, ძმები და ოჯახის წევრები, დაელოდონ დაწყებული გამოძიების შედეგებს და ნუ განახორცოიელებენ თავად აგრესიას, რევანშს.
მივესალმები ყველა მედიასაშუალებას რომელიც თავისუფალ პირობებში მოიპოვებს და აშუქებს სიახლეებს. აქვე ხაზს ვუსვამ, გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი მედია არის 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოების მთავარი პრიორიტეტი.
მივესალმები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის აღდგენის შესახებ, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენს მიერ წარმოებული სასამართლო რეფორმა საბოლოო შედეგს ძალიან მალე გამოიღებს.
ეს არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის, რის შემდეგაც აუცილებელი იქნება საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი პრაქტიკის მრავალმხრივი დახვეწა. ასევე მშვიდობიანი იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდიც, რადგან საქრათველოს ჰყავს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






