საია მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას საქმეზე სხდომის გადადება არ გამომდინარეობს კანონიდან და სავარაუდოდ, მიზნად ისახავს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ უგულავას საქმეზე სასამართლოს ბრალდების მხარის დაუსწრებლად მსჯელობა შეეძლო.
“ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი გარემოება ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად, რამდენადაც ბათუმში მივლინება სხდომის თარიღის პარალელურად არ წარმოადგენს ბრალდების მხარისგან დამოუკიდებელ ობიექტურ გარემოებას, რომელიც სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბრალდებას ამ საქმეზე ოთხი პროკურორი ახორციელებდა და ობიექტური დამკვირვებლისთვის ნაკლებად დამაჯერებელია, რომ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების უზრუნველყოფა, მათ შორის ვერც ერთმა ვერ მოახერხა. მეორე მხრივ, კანონის თანახმად, ამ ტიპის შუამდგომლობის განხილვას არ აბრკოლებს მხარის გამოუცხადებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე უფლებამოსილი იყო არ გადაედო სხდომა და ბრალდების მხარის გამოუცხადებლობის მიუხედავად განეხილა შუამდგომლობა, რამდენადაც საქმის გადადების მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, ხოლო საქმის დროულად განხილვის ინტერესი - მაღალი როგორც დაცვის მხარის, ისე საზოგადოებისთვის. საია მიუთითებს, რომ მსგავსი მოტივებით პროკურატურის მიერ საქმის განხილვის დაუსაბუთებლად გაჭიანურება სხვა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზეც დაფიქსირდა - ბაჩანა ახალაიას მიმართ 2013 წელს ასევე დაუსაბუთებლად გაჭიანურდა საქმის განხილვა - პროკურატურამ თანმიმდევრობით რამდენიმე სხდომაზე ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ბრალმდებლის წარმოდგენა, ხოლო მიზეზი ისეთივე ნაკლებად დამაჯერებელი იყო, როგორც მოცემულ შემთხვევაში ,,პროკურატურის შესახებ კანონის" მე-4 მუხლის თანახმად, პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია: ,,კანონიერება; ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; პოლიტიკური ნეიტრალიტეტი". საია მოუწოდებს პროკურატურას, როგორც მოცემულ, ისე ნებისმიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეში, არ გამოიყენოს ზემოაღნიშნული პრაქტიკა და თავი აარიდოს საქმის ხელოვნურ გაჭიანურებას, რამდენადაც იგი აზიანებს როგორც კერძო ისე საჯარო ინტერესს, აჩენს კითხვებს სავარაოდო პოლიტიკური მოტივებით მოქმედების შესახებ, რაც ჩრდილს აყენებს ამ უმნიშვნელოვანესი სამართალდამცავი ორგანოს იმიჯს”, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






