,,ნიუპოსტი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ყველანი ვხედავთ თუ რა მკვეთრ, ერთსულოვან და ერთმნიშვნელოვნად მკაცრ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ღონისძიებებს მიმართავს დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდამხარ თანამედროვეობის ყველაზე დიდი საკაცობრიო საფრთხისა და სიბნელის, კანიბალური ინსტინქტებით გავეშებული აგრესორისა და ოკუპანტის-რუსეთის წინააღმდეგ. ამავე დროს, ეს საკაცობრიო ჭირი ემზადება სილა გააწნას ცივილიზაციას საქართველოს ადგილობრივი არჩევნებით, ხელისუფლებაში გაამყაროს 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებით მოსული რუსული ძალა და მას მხარში ამოუყენოს აგრესორზე არანაკლებ ორიენტირებული და უფრო მეტად აგრესიული რუსული პარტიები, რომელთა შორის საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს.
დამპყრობელი ცდილობს ისაგებლოს ჩვენი გულუბრყვილობით, ინფანტელიზმით და თავს მოგვახვიოს რუსეთუმე ორგანიზაციების მთელი წყება. ამით დაგვცინოს, დაგვამციროს და თავს ლაფი დაგვასხას კაცობრიობის თვალში, წარმოგვსახოს თავის ლაქიად, მოლაქუცე ყმად და საბოლოოდ, უთავმოყვარეო, ღირსებასმოკლებულ, გათეიმურაზხევისთავებულ ერად, რომელის ადგილი არ არის მოწინავე ერთა გვერდით.
მოძრაობა ,,დაბრუნება” მისი საზოგადოებრივი საზოგადოებრივი სტატუსიდან გამომდინარე, არჩევნებში როგორც სუბიექტი არ მონაწილეობს, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლით, მივმართოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გამოძევებულ დევნილებს, კიდევ ერთხელ არ დავუშვათ შეცდომა ამჯერად, უკვე შესაძლოა, ფატალური.
მომავალი არჩევნები მხოლოდ ადგილობრივ საქმეების უკეთ გაძღოლის შემძლე ადამიანების შერჩევა არ არის. ის ერთგვარი პლებისციტიცაა, რომელიც ლაკმუსის ქაღალდივით ავლენს ჩვენს ზოგადპოლიტიკურ განწყობას, უჩვენებს მტერსა და მოყვარეს თუ საითკენ მივდივათ, რა ორიენტაცია გვაქვს-დასავლეთის ცივილიზაციისაკენ, პროგრესული დასავლური ღირებულებისაკენ, თუ უკან-რუსული სივრცისა და შესაბამისად, შუასაუკუნობრივი სიბნელისა და მოძალადის მორჩილებისაკენ.
პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოგიწოდებთ ხმა მისცეთ რომელიმე დასავლურ ძალას. ასეთი პარტიები არჩევნებში მონაწილეთა შორის ნამდვილად არიან. მაგრამ უფრო მეტია სწორედ რუსეთუმე პარტიები, რომელთაგან მტერს ფსონი სწორედ მის მიერვე კარგად ორგანიზებულ, დაფინანსებულ და საბჭოურ-ჩეკისტური კადრებით უზრუნველყოფილ რამდენიმე მათგანზე აკეთებს.
ამდენად, მოგიწოდებთ, სწორედ მათ არ მისცეთ ხმა. ესენია: რა თქმა უნდა, პირველ რიგში სახელისუფლებო სუბიექტი-,,საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება” ( №41); ბლოკი „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” (№3); საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)” (№1) და „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” (№8).
თავისუფლება, მხოლოდ თავისუფლებისათვის მებრძოლი ერის ხვედრია!
არ გავახაროთ აგრესორი, არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!“, - ნათქვამია მოძრაობა ,,დაბრუნების“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






